logo
ENG



"არ იქნება ჭკვიანური ნაბიჯი"- კრამერი აშშ-დან ელჩის გაწვევის ცნობაზე

23 სექ 202423:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/23/4gwxmmukcdd0dlx.png

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ეხმაურება დროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს "ჭკვიანური ნაბიჯი" არ იქნება.

ამაზე კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

"ელჩის გამოხმობა ვაშინგტონიდან, აუცილებლად გააუარესებს საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის შორის ურთიერთობას. ამასთან, ფაქტია, რომ ქართველი ხალხი ინარჩუნებს პროდასავლურ, პროევროკავშირის და პროამერიკულ მიდგომას, იმის პარალელურად, რომ არიან რუსეთის წინააღმდეგ განწყობილნი, ამიტომ, ეს არ იქნება ჭკვიანური ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან"- თქვა კრამერმა. [სინქრონული თარგმანი]

დროების ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირადად მიიღო გზავნილი, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს.

გარდა ამისა, დროების ცნობით, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს.

 


close დახურვა